სკოლას ჩვენი მზრუნველობა სჭირდება
ჩვენს სკოლას რამდენიმე ეზო აქვს: შიდა ეზო, სპორტული მოედანი და ორი ძირითადი ეზო. ისინი ბავშვებს ძალიან უყვარს, თუმცა არავინ უფრთხილდება. მოდით, სკოლის შიდა ეზოში შევიხედოთ: ის სხვა ეზოებთან შედარებით უფროსების თვალთახედვას მოშორებულია, თანაც პატარაა, ამიტომ ყველაზე მეტად ნაგვიანდება.აქ ძირითადად კანფეტის ნაირფერი ქაღალდები ყრია. აქა-იქ ცელოფნის პარკები და ლიმონათის პლასტმასის ცარიელი ბოთლებიც შეგხვდებათ.
სპორტულ მოედანზე, როგორც ყოველთვის, მხიარულებაა. ბავშვები ფეხბურთს და დაჭერობანას თამაშობენ. თამაშის დროს ბავშვები ნაკლებად იცლიან ხაჭაპურის, ლობიანისა თუ კანფეტის საჭმელად. ამიტომ სპორტული მოედანი ერთ-ერთი სუფთა ადგილია სკოლაში. რასაც ვერ ვიტყვი საცხობის მახლობელ ეზოზე. აქ უფროსკლასელები სეირნობენ, ისვენებენ, უმცროსკლასელები, როგორც წესი, ერთმანეთს დასდევენ, დაჭერობანას თამაშობენ. დასვენების შემდეგ ეზოს მათი ნაკვალევი სხვადასხვა ტკბილეულის ქაღალდების, ცელოფნის პარკების სახით ატყვია. მიუხედავად იმისა, რომ ეზოში არაერთი ნაგვის ურნა დგას, მოსწავლეებს მასში ნაგვის ჩაყრა ეზარებათ და ურჩევნიათ უფრო იოლ გზას, მიწაზე დაყრას, მიმართონ. როგორც ჩანს, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობისთვის სულერთია თუ როგორ გარემოში იქნებიან. ალბათ, არც იმას ამჩნევენ, რომ ყოველ დილით მათ სკოლის ეზო დასუფთავებული ხვდებათ, რაც სკოლის დამლაგებლის დამსახურებაა. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ სკოლას, პირველ რიგში, თავად მოსწავლები გაუფრთხილდნენ. ჩვენ არაჩვეულებრივი ეზო გვაქვს: ნაძვები, თუთის ხეები, ახალდარგული ტირიფები, ყვავილნარი… ამ გარემოს შენარჩუნებას ჩვენი მზრუნველობა სჭირდება.
ლიზი ხუციშვილი. მე-6ბ კლასის მოსწავლე.
Leave a Reply