ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტები
ტრუფელი
– ყველაზე ძვირადღირებული სოკოა. სხვა სოკოებისგან განსხვავებით, იგი მიწის ქვეშ იზრდება და ძალიან რთული საპოვნია. მისი მოძიებისთვის საგანგებოდ გაწვრთნილ ღორებს იყენებენ. ტრუფელი შეიძლება იყოს თეთრი ან შავი. ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით იშვიათი სახის თეთრი ტრუფელის ერთი კილოგრამის ფასი აუქციონზე 30 000 დოლარს ასცდა. საშუალო ფასი: $ 3 000 – 1 კილოგრამი.
კარტოფილი
კარტოფილს ლამის ყოველდღე მივირთმევთ; ამიტომ გასაკვირია, რატომ მოხვდა იგი ძვირადღირებული პროდუქტების ჩამონათვალში. ზღვის კარტოფილი წყალმცენარეების ზემოქმედებით ორიგინალურ მომლაშო გემოს იძენს. იგი მხოლოდ საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე მოჰყავთ. სპეციფიური გემოს გარდა ზღვის კარტოფილი ვიტამინებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი მიკროელემენტების „საწყობია“ . La bonnotte (ასე უწოდებენ ზღვის კარტოფილს) ძალიან ნაზია და მხოლოდ ხელით გროვდება სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში. ფასი: € 500 – 1 კილოგრამი.
ზაფრანა
ცოტამ თუ იცის, რომ 1 კილოგრამი სუფთა ზაფრანა საოცრად ძვირი ღირს. ამ სანელებელს მცენარე კროკუსიდან ღებულობენ, რომლის პლანტაციებში არანაირი ტექნიკა არ გამოიყენება. ერთი კილოგრამი სანელებლის მისაღებად 20 000-მდე ყვავილია საჭირო. უშუალოდ ზრდის პროცესის გარდა საჭიროა ყვავილების დამუშავება, მორწყვა და გაშრობა; და ეს ყველაფერი ხელით. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანის ხელით შრომა ძალიან ძვირად ფასობს. ფასი: $ 11 000 – 1 კილოგრამი.
ოქროს ხიზილალა
ყველამ იცის, რომ წითელი და შავი ხიზილალა ძვირი ღირს. ოქროს ხიზილალის ფასი კი, რომელსაც ალბინოსი ბელუგებისგან ღებულობენ, მრავალგზის აღემატება ჩვეულებრივი ხიზილალის ფასს. ზუთხისებრი თევზის ეს სახეობა მხოლოდ კასპიის ზღვაში გვხვდება და ძალიან იშვიათად, 100 წელიწადში ერთხელ ქვირითობს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში ყოველ წელიწადს მხოლოდ 10 კილოგრამამდე ოქროს ხიზილალა იყიდება. ეს ქარვის მსგავსი დელიკატესი სინათლეზე ბრწყინავს. მდიდარი გურმანები ამბობენ, რომ მას ნიგვზის გემო დაჰკრავს და მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საჭმელია. ალბათ დაეჯერებათ! ზოგიერთ ქვეყანაში ამ პროდუქტს ბაჯაღლო ოქროს ქილებში აფასოებენ. შეიძლება ბევრი ფული გქონდეთ, მაგრამ ოქროს ხიზილალის გასინჯვა მაინც ვერ მოახერხოთ, რადგან შეძენის მსურველთა რიგი წინასწარ წლობით არის გაწერილი. ფასი: $ 20 000 – 1 კილოგრამი.
ლოკოკინების ხიზილალა
ამ ხიზილალას მდინარის მარგალიტისგან გარეგნობით პრაქტიკულად ვერ განასხვავებთ. მსხვილ მარცვლებს ნაზი და რბილი გემო აქვთ. ამ მარგალიტის მსგავსი ხიზილალის ეკზოტიკური გემოს გადმოცემა გურმანებსაც კი უჭირთ. ასეთი ფასეული პროდუქტი აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე უნდა მიირთვათ არაჟანთან ერთად. თითოეულ ლოკოკინას წელიწადში მხოლოდ 4 გრამი დელიკატესის მოცემა შეუძლია. ფასი: $ 2 500 – 1 კილოგრამი.
Leave a Reply