საინტერესო ფაქტები საღეჭი რეზინის შესახებ

23 სექტემბერს საღეჭი რეზინის დღე აღინიშნება.

წაიკითხეთ ქვემოთმოყვანილი ფაქტები და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა აქტიურ მღეჭავთა რიგებში გაწევრება.

ადამიანები უძველესი დროიდან იღეჭებიან.  ძველი ბერძნები მასტიკის ხის ფისს ღეჭავდნენ.  მაიას ტომის ინდიელები- კაუჩუკს. ციმბირელები – ლარიქსის ფისს, ინდოეთში – არომატული ფოთლების ნაზავს. ეს „საღეჭი რეზინები“ პირიდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად, კბილების გასასუფთავებლად და ღრძილების მასაჟისთვის გამოიყენებოდა. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ კი ევროპაში ფართოდ გავრცელდა საღეჭი თამბაქო.

მაგრამ ეს წინარეისტორიაა. თანამედროვე საღეჭი რეზინის ისტორია 1848 წლის 23 სექტემბერს დაიწყო, როცა მისი წარმოებისთვის პირველი ფაბრიკა აშენდა.  ფაბრიკის მეპატრონე, ჯონ კურტისი, საღეჭ ნაზავს წიწვოვანი ხეების ფისისა და  არომატიზატორებისგან ამზადებდა.  მართალია, ამ სახით საღეჭმა რეზინმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ ეს დღე ამ პროდუქტის დაბადების დღედ ითვლება.

1869 წლის 5 ივნისს ოჰაიოელმა კბილის ექიმმა დააპატენტა საღეჭი რეზინის საკუთარი რეცეპტი.  1871 წელს კი თომას ადამსმა მიიღო პატენტი საღეჭი რეზინის მწარმოებელი დაზგისთვის.  17 წლის შემდეგ სწორედ მის ფაბრიკაში იქნა გამოშვებული სახელგანთქმული „ტუტი-ფრუტი“, რომელმაც მთელი ამერიკა დაიპყრო.

მას შემდეგ საღეჭმა რეზინმა ბევრი ცვლილება განიცადა. იცვლებოდა ფერი, გემო, ფორმა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში.

საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი ბუშტი სუზენ მონტგომერიმ გაბერა. ბუშტის დიამეტრმა 58,5 სანტიმეტრი შეადგინა

 

 image001

11 ფაქტი საღეჭი რეზინის შესახებ

1. საღეჭი რეზინი გახდომას უწყობს ხელს.  ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეზინის ღეჭვა გახდომის პროცესს უწყობს ხელს –  19 %-ით აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ღეჭვა მადასაც აქვეითებს – იმ ნერვული დაბოლოებების მასტიმულირებელია, რომლებიც ტვინს დანაყრების შესახებ აწვდიან სიგნალს.

2.    საღეჭი რეზინი მეხსიერებაზე მოქმედებს. ამ საკითხზე აქტიური კამათი გრძელდება. ინგლისელმა ფსიქოლოგებმა დაადასტურეს, რომ საღეჭი რეზინი აქვეითებს ხანმოკლე მეხსიერებას, რომელიც მყისიერი ორიენტაციისთვის არის საჭირო. ადამიანს მაღაზიაში შეიძლება უცებ დაავიწყდეს იმ პროდუქტის ფასი, რომელიც ხელში უკავია, ან ბინაში გასაღები დაკარგოს. მეცნიერთა აზრით, ხანმოკლე მეხსიერებაზე  უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი გაუაზრებელი მონოტონური მოძრაობა, ანუ ადამიანი უფრო დაბნეული ხდება.

ამერიკელი მეცნიერები ნიუკასლის უნივრსიტეტიდან კი თვლიან, რომ ღეჭვის პროცესში  აქტიურდება  მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ტვინის ნაწილები,  აქტიურდება  ინსულინის გამოყოფა და მატულობს გულის შეკუმშვის სიხშირე.  შესაბამისად, ადამიანი უკეთ აზროვნებს. მსგავს დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მკვლევარებიც. ექსპერიმენტის დროს  ღეჭვამ  შეამცირა  დავალების შესრულების დრო.  მათ, ვინც რეზინს ღეჭავდა, დავალებას  10 %-ით  ნაკლები დრო  მოანდომეს.

3. საღეჭი რეზინი სასარგებლოა. ღეჭვის დროს ნერწყვის გამოყოფა ძლიერდება, რაც კბილების ნარჩენებისგან გასუფთავებას უწყობს ხელს. იმავდროულად მიმდინარეობს ღრძილების მასაჟი, რაც, გარკვეულწილად, პაროდონტოზის პროფილაქტიკაა.

4. საღეჭი რეზინის ღეჭვა დასაშვებია არა უმეტეს 5 წუთისა და მხოლოდ ჭამის შემდეგ.               ასეთ რეკომენდაციას იძლევიან სპეციალისტები.  უფრო ხანგრძლივი ღეჭვისას ცარიელ კუჭში წვენის გამოყოფა ძლიერდება, რაც კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამომწვევია.                       

5. რეზინის ღეჭვა კბილების წმენდას ვერ ცვლის.  სტომატოლოგები ამაში დარწმუნებულნი არიან.  თუ კბილის ჯაგრისი ხელთ არ გაქვთ, კევის ღეჭვას სჯობს წყალი გამოივლოთ პირში.

6. საღეჭი რეზინი არ გვიცავს კარიესისგან.  კარიესი ჩნდება არა საღეჭ,  არამედ კბილთაშორის ზედაპირებზე;  ამიტომ, მიუხედავად რეკლამებისა, ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის რეზინს დიდი სარგებლობა არ მოაქვს.

7. საღეჭი რეზინი მავნებელია კბილებისთვის. იგი შლის პლომბებს, გვირგვინებს და ხიდებს. შლას იწვევს როგორც მექანიკური ზემოქმედება კბილებზე, ისე ქიმიური – ღეჭვის პროცესში გამოყოფილი ნერწყვი ხელს უწყობს ტუტის გამომუშავებას, რომელიც შლის პლომბებს.

8. საღეჭი რეზინი ამშვიდებს. კარგი საშუალებაა სტრესის დროს და აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას.

9. საღეჭი რეზინი პირიდან ცუდ სუნს  ვერ აშორებს. მისი ეფექტი იმდენად მცირე  ხანს გრძელდება, რომ მთლიანობაში ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენს პრობლემაზე.

10. საღეჭი რეზინი მავნე ნივთიერებებს შეიცავს. დამატკბობელი ასპარტამი 1965 წელს გამოიგონეს და დღესაც ეჭვს იწვევს მედიკოსებში. ასპარტამის დაშლის პროცესში  ორგანიზმში გამოიყოფა ორი ამინომჟავა და ძალიან საშიში სპირტი – მეთანოლი, რომელიც სახიფათოა ფეხმძიმეთათვის.

11. საღეჭი რეზინის მიცემა დაუშვებელია ფეხმძიმეებისა და პატარა ბავშვებისთვის. ამერიკელმა ნევროლოგმა, ჯონ ოლნიმ დაამტკიცა გლუტამატის – საღეჭ რეზინში გამოყენებული გემოს მიმცემი საკვები დანამატის მავნებლობა. გლუტამატი და ასპარტამი ნერვული უჯრედების კვდომას იწვევს და განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისა და 4 წლამდე ასაკის ბვშვებისთვის.

რით შეიძლება საღეჭი რეზინის შეცვლა

ფისი

წიწვოვანი ხეების, მასტიკის ხისა და კაუჩუკის შესახებ ზემოთ უკვე ითქვა. ღეჭავენ ალუბლის ფისსაც. მაგრამ ასეთ „საღეჭ რეზინს“ ძალიან მაგარი კბილები სჭირდება.

ცვილი

მეფუტკრეობის პროდუქტები უძველესი დროიდან გამოიყენება საღეჭად. ცვილის ფენა, რომელსაც ფუტკრები დამწიფებულ ფიჭას ბეჭდავენ, არ არის საღეჭად მოსახერხებელი, პირში იფხვნება; მაგრამ ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს თაფლს, ფუტკრის ნერწყვს და ცოტაოდენ ფუტკრის შხამს.  მასში A, B, C და E ვიტამინების მაღალი კონცენტრაციაა;  ასევე ადამიანისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მიკროელემენტი  და ცხიმის უიშვიათესი ნაირსახეობა, რომელსაც ფუტკრის ჯირკვალი გამოყოფს.

ყავის მარცვლები

პირიდან უსიამოვნო სუნის მოშორება შეიძლება არა საღეჭი რეზინით, არამედ ყავით. რამოდენიმე მარცვლის გაღეჭვა ალკოჰოლისა და ნივრის სუნსაც კი მოგაცილებთ. ყავის მარცვლებში შემავალი ნივთიერებები უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. გარდა ამისა, მცირე რაოდენობით ყავა მეხსიერებასაც აუმჯობესებს.

პიტნისა და ოხრახუშის ფოთლები

ხშირად კევს მშიერი კუჭის „დასაწყნარებლად“ ღეჭავენ. სინამდვილეში ეს მშიერი კუჭისთვის  მავნე მოქმედებაა, რადგან გასტრიტამდე ან კუჭის სხვა დაავადებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. შიმშილის დასაოკებლად  შეიძლება პიტნის ან ოხრახუშის ფოთლების ღეჭვა. ეს მცენარეები მდიდარია ეთერზეთებითა და ვიტამინებით; არ გავნებენ, შიმშილს კი დააოკებენ.

საღეჭი მარმელადი

საღეჭი მარმელადი კევის ტკბილი და გემრიელი შემცვლელია. მისი მომზადება ძალიან ადვილია. ლამაზ ფორმებად დაჭრილი კი საღეჭ რეზინზე უფრო მიმზიდველი იქნება.

მოსამზადებლად საჭიროა ხილი (ვაშლი, მსხალი), შაქარი, წყალი, მცენარეული ან ზეითუნის ზეთი. გასუფთავებულ ხილს პიურედ  აქცევენ, ხარშავენ შაქართან და წყალთან ერთად.  როდესაც მასა გაცივდება და კარამელად იქცევა, ზეთწასმულ დაფაზე გადააქვთ. ფარავენ მარლით და დებენ მზიან ადგილას. რამოდენიმე ხნის შემდეგ ფირფიტებად ჭრიან.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *