ყველაზე დიდი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვა ისტორიაში
მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი “კულინანი“ 1905 წელს იპოვა სამხრეთ აფრიკაში მაღარო „პრემიერის“ ზედამხედველმა ფრედერიკ უელსმა. ეს მოზრდილი მუშტისოდენა ქვა 3106 კარატი (621,2 გრამი) იყო. იმ დროისთვის მისი ღირებულება 8 მილიონ ფუნტს შეადგენდა.დღევანდელი კონვერტაციით ეს 7,5 მილიარდი დოლარია ანუ 94 ტონა ოქროს ფასი. ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი ყველაზე დიდი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მინერალებისა.
1. 2001 წლის 9 ივნისს ბრაზილიაში იპოვეს ყველაზე დიდი ზურმუხტი. ქვას „ბაიას ზურმუხტი დაარქვეს“. მისი წონა 380 კილოგრამამდეა, ზომა – 1,9 მილიონი კარატი. დღეისთვის მისი ფასი 900 მილიონი დოლარია.
2. 1992 წლის ივლისში კანადის ტერიტორიაზე ვინმე მაქს როუზკვისტმა იპოვა ყველაზე დიდი ჟადეიტი (ნეფრიტის ნაირსახეობა). მან აღმოაჩინა მთლიანი ნეფრიტის ლინზა, რომელიც 577 ტონას იწონის. ამჟამად ქვა კომპანია „იუკონ ჟადის“ საკუთრებაა.
3. ყველაზე დიდი ქარვა მიანმაშია (ყოფილი ბირმა) ნაპოვნი. მისი წონა 15,25 კილოგრამია და ამჟამად ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახება.
4. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ბრაზილიაში იპოვეს ყველაზე დიდი ტოპაზი. დაუმუშავებელი ქვა 11 კილოგრამს იწონიდა. მისი დაწახნაგება 2 წელს გრძელდებოდა. შედეგად მიიღეს უნაკლო სისუფთავის ღია-ყავისფერი ძვირფასი ქვა 172 წახნაგით და 4,5785 კგ. წონით.
5. 1934 წლის 7 მაისს ფილიპინების კუნძულ პალავანზე მარგალიტზე მონადირემ იპოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტი. მისი წონა 6,37 კილოგრამია. სიგრძეში 24 სმ. , სიგანეში 14 სმ. და სიმაღლეში 15 სმ-ა. მარგალიტს უსწორმასწორო ფორმა აქვს, დაღარულია და ადამიანის ტვინს წააგავს. მარგალიტი ერთი მეტრი სიგრძის ორსაგდულიან ნიჟარაში იდო. დღეს მისი ფასი 40 მილიონ დოლარამდეა.
6. 1989 წლის ივლისში ავსტრალიაში იპოვეს 5,27 კილოგრამი წონის მსოფლიოში ყველაზე დიდი თეთრი ოპალი. მისი ზომა 26 350 კარატია. ქვას „იუპიტერ – 5“ უწოდეს. დღეს იგი კერძო მფლობელის ხელშია.
7. 2005 წელს ტანზანიაში აღმოაჩინეს ყველაზე დიდი ტანზანიტი. მისი წონა 3,36 კილოგრამია. მსგავსი ლურჯ-იისფერი ძვირფასი ქვა ბუნებაში ძალზე იშვიათია.
8. 1989 წლის ივნისში ყველაზე დიდი საფირონი ჩრდილოეთ კაროლინის მთებში იპოვეს. ქვა 2 კილოგრამს იწონის. ლურჯ საფირონს „მარტოხელა ვარსკვლავი“ დაარქვეს.
9. მსოფლიოში ყველაზე დიდი დამუშავებული აქატი გერმანიის უძველეს ქალაქ ტრირში იპოვეს ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში. ის 75 სმ. დიამეტრის ფინჯანია და ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში ინახება.
10. 1988 წლის ბოლოს აღმოაჩინეს 300-გრამიანი ლალის ქვა „ნიილანჯალი“. მსოფლიოს უდიდესი ლალის ზედაპირზე ბუნებრივად გამოსახულია 12-სხივიანი ვარსკვლავი, რაც მას ჩვეულებრივ ლალთან შედარებით 4-ჯერ უფრო ძვირს ხდის. დღეისთვის ქვა ინდოელი ადვოკატის, ვიდიარაჯას საკუთრებაშია, რომელიც ვიჯიანაგარის მეფეთა შთამომავალია. ამ უიშვიათესი ლალის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
Leave a Reply